გუნდის ხუთი დისფუნქცია
ზოგჯერ ადამიანების ჯგუფი საკმაოდ შორსაა შესანიშნავი გუნდისგან. გუნდის ხუთ დისფუნქციას და მისი მოგვარების გზებს ეხება პატრიკ ლენციონის წიგნი “გუნდის ხუთი დისფუნქცია”. ის წარმოგვიდგენს პირამიდას, რომლის ქვედა ფენები არის უფრო საბაზისო და ყველა გუნდმა უნდა დაძლიოს თითოეული დონე. სანამ თქვენი გუნდისაგან ვალდებულების აღებას მოითხოვთ, ისინი ჯერ ერთმანეთს უნდა ენდონ, შეძლონ ეფექტური და გულწრფელი კომუნიკაცია, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმებიან ერთმანეთს. ვნახოთ როგორ გამოიყენება ეს მოდელი აჯაილ გარემოში.
ნდობის არარსებობა
გუნდის წევრები ძალიან იშვიათად აღიარებენ ნდობის არარსებობას. ამბობენ, რომ დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს და არანაირი პრობლემა არ აქვთ ერთმანეთთან. ამგვარად ნდობაზე კითხვის დასმას აზრი არ აქვს. გუნდის წევრები არიან ჩუმად, მუშაობენ ინდივიდუალურად და დაუცველობის შიში ხელს უშლის მათ დისკუსიებსა და თანამშრომლობაში. გუნდის ასეთ წევრებს ერთმანეთი არ სჭირდებათ. ამ დონეზე თითოეულ ინდივიდს სჯერა, რომ მას აქვს სპეციფიკური ტექნიკური ცოდნა და უნარები, რაც სხვებს არ აქვთ. გუნდის წევრები იცავენ სტატუს კვოს და ინარჩუნებენ სილოს (silos).
კონფლიქტის შიში
თუ გუნდის წევრები კონფლიქტს თავს არიდებენ, ისინი მიდრეკილნი არიან ხელოვნური ჰარმონიის შენარჩუნებისაკენ. ისევე, როგორც ტაკმანის მოდელის შტურმის ფაზაში, გუნდის წევრები ცდილობენ თავი აარიდონ ნებისმიერ დისკუსიას, რომელიც შეიძლება გართულდეს და შესაბამისად დაყოს სამუშაო ცალკეულ, იზოლირებულ, ალტერნატიულ სფეროებად ტექნიკური ან პროდუქტის ცოდნის საფუძველზე. მათ ურჩევნიათ მიჰყვნენ იმ სილოებს, რომლებიც ამჟამად აქვთ. გესმით ისეთი ფრაზები, როგორიცაა “ რატომ უნდა დავხარჯო დრო დისკუსიაში, რაცა ჩვენ სხვადასხვა თემებზე ვმუშაობთ?” და მისთანანი.
ვალდებულების ნაკლებობა
გუნდის ეს დისფუნქცია საკმაოდ ხშირია აჯაილ მოგზაურობის დასაწყისში. მას მარტივად ამოიცნობთ, როდესაც ადამიანები ამბობენ: “ჩვენ ვერ ვიტყვით, რას დავასრულებთ სპრინტის ბოლომდე - ყველაფერი შეიძლება მოხდეს” ან “ მე დავასრულებ ჩემს ნაწილს, მაგრამ არ შემიძლია ვილაპარაკო სხვების ნაცვლად”. გუნდები ხშირად აღიარებენ, რომ უჭირთ ვალდებულების აღება, რაც როგორც წესი, გამოწვეულია ნდობის ნაკლებობით.
პასუხისმგებლობის თავიდან აცილება
უმრავლესობა ჩვენგანს გვინახავს სქრამის გუნდი, რომელიც გეგმავს სპრინტს, თუმცა ვერ ასრულებს სპრინტის ბექლოგის ყველა დავალებას. სპრინტის ბოლოს ამას გამონაკლისს უწოდებენ და დაგეგმვის ღონისძიებაზე კვლავ იგივე მოცულობის საქმეს გეგმავენ მომდევნო სპრინტისთვის. ხანდახან ეს შეიძლება ყველა გუნდს შეემთხვეს, თუმცა თუ ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, სახეზე გვაქვს დისფუნქცია.
შედეგებისადმი უყურადღებობა
დისფუნქციის პირამიდის საბოლოო ფენა არის შედეგებისადმი უყურადღებობა, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი საერთო მიზნის ნაცვლად ინდივიდუალური მიზნების ქონა. საერთო მიზანი არის სწორედ ის, რის მიღწევასაც სქრამით ვცდილობთ. ნაცვლად იმისა, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავისთვის დაიტოვოს ცოდნა და თავად დაასრულოს მის მიერ დაწყებული კოდი ან ტესტი, უნდა არსებობდეს გუნდის ერთი საერთო მიზანი, რის მიწოდებასაც აპირებს გუნდი მომხმარებლებისთვის. ეს არის აზროვნებისა და მიდგომის უზარმაზარი ცვლილება, მაგრამ ეს ცვლილება გადამწყვეტია წარმატებისთვის.
სქრამ მასტერის როლი
როგორ უნდა მოიქცეს სქრამ მასტერი? პირველ რიგში, უნდა დაადგინოს რომელ საფეხურზეა მისი გუნდი დისფუნქციების პირამიდაში. როგორც კი ამას გაიაზრებს, ის უნდა ეცადოს გააფართოოს გუნდის თვალსაწიერი, ასწავლოს მათ იმის გააზრება, რომ მათ პრობლემა აქვთ და დაეხმაროს მათ გუნდის ალიანსისა და სამუშაო შეთანხმების შექმნაში, თუ როგორ აპირებენ ერთად მუშაობას. მთავარია იმის გაცნობიერება, რისი მიღწევა სურს გუნდს და რატომ. გარდა ამისა, საჭიროა გარკვეული გეგმა, თუ როგორ აპირებენ ამ მიზნის მიღწევას.
ერთი პატარა რჩევა, რომელიც გამოგადგებათ, მაშინ როდესაც საბაზო საფეხურებიდან ზემოთ ადიხართ - მიზანმიმართულად შექმენით გუნდის იდენტურობა. უწოდეთ მათ გუნდი და მიეცით საშუალება შეარჩიონ სახელი. არასოდეს ჰკითხოთ ინდივიდუალურად რას ფიქრობენ, ყოველთვის გუნდი გახადეთ ანგარიშვალდებული. “რას ფიქრობს გუნდი ამ საკითხთან დაკავშირებით?” ან “თქვენ ხართ გუნდი, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ”. გაგიკვირდებათ რამდენად კარგად მუშაობს ასეთი პატარა ცვლილებაც კი.

Comments
Post a Comment